კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულების ინოვაციური გამოგონება: ხელთათმანი, რომელიც შეზღუდული სმენისა და მეტყველების მქონე პირებს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ეხმარება!

Sign and Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც შეზღუდული სმენისა და მეტყველების მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას. გუნდის წევრებს ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპი აქვთ შექმნილი. სამომავლოდ ხელთათმანის საწარმოებლად დაფინანსების მოპოვებას გეგმავენ.


იდეის ავტორები: გიორგი ბესტავაშვილი, ბექა ბაბუნაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე.

 

იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, ბექა ბაბუნაშვილმა კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. ბექა Social Impact Awards 2017-ის გამარჯვებულია. „ჩვენ მეზობლად არის ერთადერთი სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. გავლისას ხშირად გვხვდებოდა თვალში, რომ ბავშვები მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ, რადგან ჟესტების ენა დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. აქედან გაჩნდა იდეა, გვინდოდა, გამოგვეგონებინა ისეთი მოწყობილობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ, დაეწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან და გადავწყვიტეთ, ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანები შეგვექმნა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ ცხოვრებას. ხელთათმანი სენსორების საშუალებით აღიქვამს მომხმარებლის ხელის მოძრაობებს, თარგმნის და შემდეგ კი სპიკერი ახმოვანებს. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება და არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა საუბრისას. ხელთათმანი ძალიან მოსახერხებელი და ყველა სიტუაციაში გამოსადეგია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწთ და მაქსიმალურად კომფორტულსა და მოსახერხებელს გავხდით “– აღნიშნავს ბექა ბაბუნაშვილი.


იდეის მეორე ავტორმა, გიორგი ბესტავაშვილმა კომაროვის სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. გიორგი GITA-ს Startup მარათონის 2015-ის და Social Impact Awards 2017 – ის გამარჯვებულია; ის ასევე Junior Achievement Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელია. „ჩვენ უკვე სამი თვეა შეუჩერებლად ვმუშაობთ და საკმაოდ რთული იყო პირველი თვე, რადგან საქართველოში სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ ექცევათ საკმარისი ყურადღება. მათ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, სოციალური ქსელები, დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, შესაბამისად, მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია რთულია. როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, ერთადერთი საშუალება მათთან კომუნიკაციისთვის არის ჟესტების ენა. მომავალში კი, იმედია, ჩვენი იდეა სრულად გამოასწორებს ამ მდგომარეობას “– აღნიშნავს გიორგი ბესტავაშვილი.


იდეის მესამე ავტორი, გიორგი ცხოვრებაძე კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია და ამჟამად პარიზის École Polytechnique-ში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. გიორგი Seedstars World 2017-ს და Microsoft Imagine Cup 2017-ის რეგიონალური გამარჯვებულია. ის ასევე Global Mobile Challenge 2017-ის ფინალისტია.

 

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ჩვენს კურსდამთავრებულებს!

 

 

 

 


ზემოთ